მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ მწვანე საშვების, ე.წ. კოვიდპასპორტების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, აქტიურად განიხილება საკითხი ორი სხვადასხვა საშვის საჭიროების შესახებ. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით". მინისტრი ამ განსაკუთრებულობას ჩვენი გენეტიკითა და ხასიათით ხსნის.

მოგვიანებით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განმარტა მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. ის ამბობს, რომ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, ერთსა და იმავე კოვიდპასპორტს ყოველთვის თანაბარი წარმატებით ვერ გამოვიყენებთ. მაგალითად, ჩვენთან ყველა კოვიდგადატანილ ადამიანს უვადოდ ექნება მწვანე საშვით სარგებლობის უფლება, ევროკავშირის ქვეყნებში კი — გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ 6 თვის პერიოდში. შესაბამისად, თუ ამ საშვის მქონე პირთა სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდი, რომ ვირუსი გაქვს გადატანილი, თუმცა არ ხარ აცრილი და არც უარყოფითი ტესტის პასუხი გაქვს (ანტიგენის ტესტის შემთხვევაში პასუხი 24 საათის განმავლობაშია მოქმედი, PRC-ს შემთხვევაში — 72 საათში) საქართველოში მის გამოყენებას მუდმივად შეძლებ, ევროკავშირის ქვეყნებში კი მხოლოდ გამოჯანმრთელებიდან 6 თვის ვადაში.

"მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა მიზნებისთვის მოხდება მისი საშვის გამოყენება: თუ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე, 1-ლი დეკემბრიდან მას შეუძლია მიმართოს და ისარგებლოს იმ სერვისებით, რომელიც ამ სამი სეგმენტის [სამასპინძლო და გასართობი სექტორები და სავარჯიშო-სატრენინგო დარბაზები] მიმართულებით არის; თუ მოგზაურობას გეგმავს, ამ შემთხვევაში მან უნდა იცოდეს, რომ მოგზაურობისთვის ევროკავშირის სივრცეში მწვანე საშვი ნიშნავს დაავადების გადატანას 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში", — განაცხადა თამარ გაბუნიამ იმედის ეთერში.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოში გაცემული კოვიდპასპორტი ევროპის ქვეყნებში ვერ გამოვიყენოთ, ეს ვაქცინაციის სახეა. გაბუნიას განმარტებით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანაში შესვლისთვის საჭიროა მხოლოდ ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინით იყო აცრილი.

"ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უკვე ამ პერიოდში, როდესაც მათ გაამკაცრეს მოთხოვნები, კატეგორიულად ითხოვენ, ხშირ შემთხვევაში, ვაქცინაციას ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინებით, როგორიცაა Pfizer, AstraZeneca, Moderna, Johnson & Johnson. შესაძლებელია, აქაც არ იყოს სრული თანხვედრა იმ ვაქცინების ჩამონათვალთან, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ", — ამბობს გაბუნია.

1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ის იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. ისინი სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ ამ საშვებით შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.

ეს დაწესებულებებია:

  • კვების ობიექტები — რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
  • სპა-ცენტრები და ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

პირს მწვანე სტატუსი მიენიჭება:

  • თუ ის ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.