მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არხის დაჯარიმების შესახებ, მათი დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი განცხადებით, უპრეცედენტოა ჯარიმის ოდენობაც — საუბარია 112 ათას ლარზე. არხის დირექტორი აცხადებს, რომ თანხას არ გადაიხდიან და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გვარამია კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის მიზანი არხის სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვაა.

"გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2 კლიპის გამო: პირველი იყო სირცხვილიას კლიპი — ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა, როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც.

მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ორი კლიპი იყო ასეთი — ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომელიც სააკაშვილზე საუბრობენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე. აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო კლიპებად, პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ახლა არც წინასაარჩევნო პერიოდია და არც მიხეილ სააკაშვილია საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაოტომ მიიჩნია კომუნიკაციების კომისიამ ეს ვიდეოკლიპები პოლიტიკურ რეკლამად.

მან კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარესა, კახა ბექაურსა და წევრებს, ვახტანგ აბაშიძესა და ეკატერინე იმედაძეს "ივანიშვილის პირადი ცენზორები და თავისუფალი სიტყვის ჯალათები" უწოდა:

"ხვალიდან ჩვენთან გავა აი ამ სამ ადამიანთან დაკავშირებით კლიპი — "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ძალიან მაინტერესებს".

გვარამია საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს საქართველოში, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ასევე არასამთავრობო სექტორსა, ოპოზიციურ პარტიებსა და სხვა მედიასაშუალებებს.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ მაუწყებელს ამ სამი კლიპის ეთერში განთავსების უფლება არ ჰქონდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი არა სანქციების დაწესება, არამედ კანონის დაცვა და მისი დარღვევის პრევენციაა.

"კომისიას არაერთხელ აქვს საჯაროდ გაცხადებული, რომ მისი მიზანი არ არის მაუწყებლისთვის ფინანსური სანქციის დაკისრება, კომისიის მიზანია დაიცვას კანონი და მოახდინოს კანონდარღვევის პრევენცია, მათ შორის სამართალდამრღვევთა სანქცირებით",

გაიგე მეტი: