ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარტიაში მიიღეს, რომელიც შემდეგ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეატყობინეს. უვადო შიმშილობის დაწყების ინიციატორთან დაკავშირებით კითხვები გუშინვე გაჩნდა.

"შემიძლია სრულიად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ შემდგომ მიხეილ სააკაშვილს შევატყობინეთ. მე პირადად მხარი დავუჭირე ამ გადაწყვეტილებას", — განაცხადა უდუმაშვილმა ღამის კურიერში.

მისივე თქმით, ვერანაირ შეთანხმებასა და შერიგებაზე საუბარი ვერ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება.

"მოლაპარაკების მაგადასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მთავარი საკითხი იქნება. ეს წინაპირობა კი არ არის, ეს პირობა არის ნაციონალური მოძრაობის. ჩვენ ყველა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება, ბუნებრივია, დავაყენებთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს", — ამბობს უდუმაშვილი.

გუშინ, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა. მელიას ინფორმაციით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანმა დაიწყო შიმშილობა.