ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს, რომ კრიტიკის შემთხვევაში ისინი საზოგადოების ნდობას დაკარგავენ და ქვეყნის პროდასავლური კურსი გადაიხედება. მელიას თქმით, მჭიდროდ ითანამშრომლებენ დასავლელ მეგობრებთან, რათა რეჟიმს სახელმწიფოს მიტაცების საშუალება არ მისცენ.

"კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას — პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება! სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია", — წერს ის.

ნიკა მელიას თქმით, მმართველი რეჟიმი სულ უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც დემოკრატიის მიმართ პარტნიორი ქვეყნების წუხილსა და მხარდაჭერას არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ შიდა საქმეებში ჩარევად, ზეწოლად და "სუვერენიტეტის შელახვად" აფასებენ.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ასეთი განცხადებები დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას არყევს. შინაარსთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ განცხადებაში არაერთი უზუსტობაა და მთლიანობაში არასამართლიანია.

3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების გამო გააკრიტიკა. საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა, ხოლო სასამართლოებზე მიღებული კანონპროექტით კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოების შესახებ კანონპროექტები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით 30 დეკემბერს დაამტკიცა.