სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. დღეს მათი გაფიცვის პირველი დღეა. მათ კიდევ ერთხელ, საჯაროდ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები და ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან პირადად შეხვედრა მოითხოვეს.

გაფიცულებს პირადად არ შეხვედრია, თუმცა აქციის პარალელურად განცხადება გააკეთა ზურაბ აზარაშვილმა. მისი განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება და მიიღებენ "ადეკვატურ" ანაზღაურებას.

"თვითონ მინისტრის განცხადებაა ჩემი აზრით არაადეკვატური [...] მათ არ იციან რეალურად ჩვენ რა სამუშაოს ვასრულებთ და საერთოდ არ აქვთ მაგის გამოცდილება, რამდენად რთულია ჩვენი სამუშაო და იმიტომ იძახიან, რომ შეიძლება ეს ადეკვატური იყოს, რაც შემოგვთავაზეს. საერთოდ არ არის ადეკვატური, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს", — განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა სოციალურმა აგენტმა, გიორგი ფურელიანმა.

ხელფასების ზრდის დაპირება სააგენტომ ჯერ კიდევ გუშინ, გაფიცვამდე ერთი დღით ადრე გასცა. განცხადებაშ ვკითხულობთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარიდან 700 ლარამდე. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური სააგენტოს განცხადებას გუშინვე გამოეხმაურნენ გაფიცულები. ისინი შემოთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ და განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის.

ამ დროსითვის გაფიცულია სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი. მათი მოთხოვნები ძირითადად ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება: ხელმომწერებს სურთ ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, ასევე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურებას და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისად, დამატებით ანაზღაურებას. სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე, სურთ ხელშეკრულებით განისაზღვროს ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის კურსის გათვალისწინებით. მოთხოვნები ეხება სააგენტოს ცენტრებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდას, რათა "არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება".

დღეიდან სოციალური სააგენტოს ცენტრები ბენეფიციარებს არ მოემსახურებიან თბილისის არცერთ რაიონში, ასევე ბათუმში, ხულოში, ხელვაჩაურში, შუახევში, ქუთაისში, ბაღდათში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ხარაგაულში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, აბაშაში, მესტიაში, მცხეთაში, დუშეთში, თიანეთში, ბორჯომი, გორში, ქარელისა და დმანისში.