ნაციონალური მოძრაობა სანატორიუმ ქართლში მცხოვრები პირის გარდაცვალებას ეხმაურება და ითხოვს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ დავით ფაცაციას. პარტიის განცხადებით, მათ თანამდებობები უნდა დატოვონ.

"ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარაოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი, ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა, ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები. დაეკისროს პასუხისმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები", — ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიაში ამბობენ, რომ თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს საქართველოს მოქალაქე. მათი თქმით, ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით — ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანის უფლებას.

დღეს, 17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი მაშინ, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან წინასწარ გაკეთებული განცხადებები არასწორია.

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები სამარცხვინს უწოდებენ გარდაცვლილის გარშემო აგორებული ნარატივის. ისინი საუბრობენ, რომ ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს, უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას და ითხოვენ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მოყენებული ზარალის ანაზღაურებას და უსაბრთხო, ადამიანურ პირობებს საცხოვრებლად.