უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას დამშვიდება და ამოსუნთქვა ურჩია. მისი თქმით, ახლა აქტიურად მიმდინარეობს თავდასხმა არა მათ მიწაზე, არამედ ნერვებზე.

ზელენსკიმ ისაუბრა მედიასა და მოსახლეობაში გავრცელებულ ჭორებზე, აჟოტაჟსა და შიშებზე. აღნიშნა, რომ რუსეთისგან საფრთხე ქვეყანას 2014 წლის შემდეგ აქვს და აგრესიის შანსები ახლა არ გაზრდილა. მანვე ურჩია ყველას, რომ გაითვალისწინონ ქვეყნის ინტერესები.

"საინფორმაციო სივრცე გადავსებულია დეტალური ინფორმაციებით ომზე რუსეთის მხრიდან, იმაზე, რომ შეიძლება შემოიჭრან ხვალ, ნებისმიერ წუთს, ეს უკვე ზუსტია... ასევე, ზუსტია ისიც, რომ თითქოს მზად არ ვართ, მაგრამ მარტო არ დაგვტოვებენ და მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს და უკრაინაში ყველას მობილიზაცია მოხდება. თუმცა ეს ყველაფერი ზუსტი არ არის. ყველა ამ რიტორიკას ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში, საინფორმაციო გამოშვებებში და სადარბაზოსთან ჭორებში, ლოგიკური კითხვები აერთიანებს: რა არის სიახლე? ნუთუ ეს რეალობაა არაა უკვე 8 წელია? ნუთუ რუსეთის შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს რისკები დიდი ხანია არსებობს და ახლა არ გაზრდილა. გაიზარდა მხოლოდ აჟიოტაჟი ამის ირგვლივ", — განაცხადა მან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა ახლა ერთადერთი მიზეზი პანიკისთვის არის ის, რომ შეშინებული ხალხი დაიწყებს ფულის გამოტანას ბანკებიდან, მაღაზიების დაცარიელებას და გავრცელდება ფეიკებნიუსები.

"ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რომ მუდმივად ვშფოთავდეთ; ასევე ინვესტორების ემოციებს და ბიზნესის პირობებს, რომ უკრაინა დასუსტდეს და აიძულონ დათმობაზე წასვლა; შეიქმნას ისეთი ფონი, რომ ჩვენი "არა" უფრო სუსტად ჟღერდეს".

მან ყველას სიმშვიდისკენ და გონებით განსჯისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, საჭიროა საკუთარი თავის, არმიისა და უკრაინის რწმენა არ დაკარგონ.

"ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხმა უნდა გაიგოს, რომ უნდა ამოვისუნთქოთ, დავმშვიდდეთ. არ არის საჭირო წიწიბურისა და ასანთისთვის მაღაზიაში გაქცევა. ყველა მედია უნდა იყოს მასობრივი ინფორმირების და არა მასობრივი ისტერიის საშუალება. აჟოტაჟის დევნაში ნუ დაეხმარებით მტერს", — განაცხადა მან.

13 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იყო, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს". 17 იანვარს უკრაინამ განაცხადა, რომ ამ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას.

2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

3 იანვარს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აშშ-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენკის უთხრა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ.

პარალელურად, რუსეთი ითხოვს გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ. ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.