პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ბიუროს სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება საქართველოს ინტერესშიც შედის.

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვს ნიშნის ქვეშ დაყენება.

მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში და ისე მთლიანად, რეგიონის ინტერესში", — განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დასავლეთის როლზეც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში.

"აქ მნიშვნელოვანი არის და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ, მინდა მოსახლეობას მოვახსეო, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ, სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად", — ამბობს პაპუაშვილი.

დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოწვევა მოითხოვეს. მათ, ასევე, შეიმუშავეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და ქართულ ოცნებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზეს. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარდა საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს პარლამენტმა შეიმუშავოს რეზოლუცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგის დროს დააყენეს, არის უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში კიევში ერთობლივი საპარლამენტო ვიზიტის დაგეგმვა. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პაპუაშვილს ეს ინიციატივები ბიუროს სხდომაზეც გააცნეს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციების მიღებაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს საკითხები უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

გაიგე მეტი: