რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ უკრაინის რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც დილით ოპოზიციასთან შეთანხმდნენ, შეცვალა. ამის გამო ოპოზიცია ტექსტის თანაავტორობაზე უარს ამბობს.

"საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ვერსია, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარები და მოთხოვნები, რომლებიც ჰქონდა ოპოზიციას და ვთქვი არაერთხელ დღეს, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც ახასიათებს ქართულ ოცნებას, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, სხვანაირად ამას ვერ ვხსნი, იმიტომ რომ კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია ქართული ოცნებისგან და ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი ისიც კი შეიცვალა", — ამბობს სამნიძე.

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა ქართული ოცნების შედგენილი ტექსტის თანაავტორები არ იქნებიან.

"შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული და კვლავაც თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა, რომელმაც აღარ მოგვცა საშუალება ვიყოთ თანაინიციატორები იმ კონკრეტული ვერსიის, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა. ოპოზიცია ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ", — აცხადებს ჯაფარიძე.

დღეს დილიდან პარლამენტში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა, სადაც ისინი უკრაინის რეზოლუციის საერთო ტექსტზე მსჯელობდნენ. ოპოზიციის ნაწილმა პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეჯერდნენ.

24 იანვარს ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავეს. მათ ქართულ ოცნებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვა და ერთობლივად დამტკიცება შესთავაზეს.