ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩვენ მოვამზადეთ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების ძლიერი და ყოვლისმომცველი პაკეტი", — განაცხადა ლაიენმა.

მისივე თქმით, ეს მოიცავს "უცხოურ კაპიტალზე წვდომის შეზღუდვასა და ექსპორტზე, განსაკუთრებით, ტექნიკურ პროდუქციაზე კონტროლს". Reuters წერს, რომ სანქციების ნაწილია სადავო Nord Stream 2-ის გაზსადენიც. ლაიენის განცხადებით, შევა თუ არა გაზსადენი სანქციების პაკეტში ეს რუსეთის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

3 თებერვალს აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.

გაიგე მეტი: