პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან არავითარი კატეგორიული მოთხოვნა ან პირობების წაყენება არ ყოფილა საქართველოს მხრიდან. მისი თქმით, მიზეზი მარტივია — "საქართველო ყველა ძირითადი სანქციის ნაწილი". ამის შესახებ თალაკვაძემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

"არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება ამასთან [სანქციებთან] დაკავშირებით უკრაინის მხრიდან არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც.

რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადას სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას", — თქვა თალაკვაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დღეს, 17 მარტს დაბრუნდა. როგორც ლელო წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რუსლან სტეფანჩუკმა ქართულ მხარეს ორი რამ სთხოვა. პირველი — საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე — საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა და ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი. ისინი იმყოფებოდნენ უკრაინის ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში.