ამის შესახებ დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით მომზადდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველო ერთადერთი აღმოჩნდა ასოცირებულ ტრიოს შორის, ვინც კანდიდატის სტატუსის ნაცვლად რეკომენდაციები მიიღო, რომელთა შესრულების შემთხვევაში, კომისია სამომავლო სტატუსზე იმსჯელებს.

  • რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მთავარი დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია იყო, თუმცა ოპოზიცია და მმართველი გუნდი იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, ვინ არის ოლიგარქი და როგორ უნდა იმუშაონ რეკომენდაციებზე.

განცხადებაში ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ძირეული რეფორმებისა და სიღრმისეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

  • მათი თქმით, ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა იმ პროექტს, რომელიც სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც არასამთავრობოების ხედვებთანაა შეჯერებული და რეალისტურია.

შარლ მიშელის დოკუმენტი: დეპუტატებს პრინციპულად მიაჩნიათ დეპოლარიზაციის მიმართულებით შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება და შესრულება.

  • "მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზებული მართლმსაჯულების დასრულება".
  • ასევე, მიუთითებენ, რომ პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.

სასამართლო: მათი თქმით, მნიშვნელოვანია ახალი რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება.

  • ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციისა და რეპუტაციის წევრების არჩევა, საბჭოს რეფორმის დაწყება.
  • ამასთან, წინა წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული დამაზიანებელი რეგულაციების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა.

კორუფციასთან ბრძოლა: ამ მიმართულებით ისინი ამბობენ, რომ დაინიცირებულია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ხოლო მედიის მიმართულებით, 5-6 ივლისის საქმის ეფექტური გამოძიება.

  • გარდა ამისა, მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებებისა და სასამართლო პროცესების შეწყვეტა და მაუწყებლობის შესახებ კანონზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა.

მათი თქმით, თუ ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს რეალურად სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება, უნდა გაიზიარონ ეს წინადადება.

  • "წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს".
  • "ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო მეორე მხარეს — ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.

ხელმომწერები საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები — ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, რესპუბლიკური პარტია, თაკო ჩარკვიანი არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია და ნატო ჩხეიძე არიან.

  • საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.