მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები და რელიგიური ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.

  • გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში — ე.წ. რეკლამის გაყიდვისა და ავტომანქანის საქმეებზე.
  • NGO-ების განცხადებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ომბუდსმენი კი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.
  • აშშ-ის საელჩომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა და თქვა, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს.

დეტალები: აქტივისტ სამირა ბაირამოვას განცხადებით, გვარამიას შეწყალება იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად.

  • აქტივისტების თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

შეწყალება: პრეზიდენტს შეწყალებისკენ უკვე მოუწოდა 12 ევროპარლამენტარმა. მათი განცხადებით, საქართველო აღიქმება ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება.

  • ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ. ნიკა მელიას განცხადებით, თუ ზურაბიშვილის სიტყვები არ არის ლიტონი, თუ ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი
  • ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა.