ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ბლექ სი არენაზე, 2017 წლის 20 მაისს, Aerosmith-ის კონცერტის გამართვა საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება. თანხიდან 5 მილიონი ჰონორარია, დარჩენილი 500 ათასი ლარი კი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა.

ხელშეკრულების გაფორმება ჯგუფ Aerosmith-ის პროვაიდერ სააგენტოსთან, International Talent Booking-თან გამარტივებული წესით იგეგმება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ, შპს ბლექ სი არენა ჯორჯიას მიერ Aerosmith-ის კონცერტის გასამართად, მომსახურების გამარტივებული წესით შესაძენად, ბრძანება 10 იანვარს გამოსცა.

სააგენტომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შესყიდვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებით გამარტივებული წესით შესყიდვაა საჭირო.

აღნიშნული კონცერტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ, მთავრობის განკარგულების პროექტი მზადაა, თუმცა, 17 იანვრის მონაცემებით, მთავრობის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე ან მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

განკარგულების პროექტის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია Check in Georgia-ს პროექტის განსახორციელებლად, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 500 000 ლარს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიას გადაურიცხავს.

Black Sea Arena საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასა და ივანიშვილს აკრიტიკებდა, რომ მსგავსი საჩუქრის შენახვა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.