თბილისში უკვე სრულად იმყოფება გერმანული წარმოების MAN-ის 143 ავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შეიძინა, თუმცა, ხაზზე მხოლოდ 40 მოძრაობს. როგორც მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, დანარჩენი 103 ავტობუსი ეტაპობრივად გასაშვებად ემზადება.

ახალი, ლურჯი ფერის გერმანული ავტობუსები დედაქალაქში 2016 წლის 6 ოქტომბრიდან გამოჩნდა. პირველი ავტობუსის ხაზზე გასვლიდან ექვსი თვეა გასული. საშუალოდ, თბილისის მერია, თვეში, ქალაქში შვიდ ახალ ავტობუსს უშვებს. ახალი ავტობუსები მოძრაობენ შემდეგ სამარშუტო ხაზებზე: 61, 51, 87 და 37. 15 აპრილიდან ქალაქში კიდევ ხუთი ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

თბილისში ჩამოყვანილი და ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა თარიღების მიხედვით

ფოტო: On.ge

ავტობუსების ხაზზე გაშვებასთან დაკავშირებით, დავით ნარმანიამ 2016 წლის 30 სექტემბერს განაცხადა, რომ "როგორც კი ჩამოვა ავტობუსები, მალევე შევლენ ხაზზე". თუმცა, რა პერიოდი იგულისხმა მერმა, უცნობია. დღევანდელი მდგომარეობით ისაა ცნობილი რომ, 15 აპრილისთვის თბილისში ჩამოყვანილი 143 ავტობუსიდან, დედაქალაქის მოსახლეობას მესამედზე ნაკლები - 45 ავტობუსი მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი, გვანცა ფოცხვერია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ავტობუსების ტექნიკური საშუალებებით (სათვალთვალო კამერები, სალარო აპარატები) აღჭურვა და მძღოლების გადამზადება მიმდინარეობს. მისი თქმით, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში ინტენსიური სამუშაოებია მარშუტებზე ავტობუსების გადასანაწილებლად.

"MAN-ის ტიპის ავტობუსებს სპეციალური ტექნიკური მომსახურება სჭირდება, რომელსაც, სრულად რომ დაიტვირთოს, ჩვენი ავტობაზები ვერ უზრუნველყოფს. ავტობაზის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო და წელს, დაახლოებით ივნისიდან სრულად მოემსახურება ყველა ავტობუსს," - აღნიშნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ძირითადი, შრომატევადი სამუშაო ავტობუსების ხაზებზე გადანაწილებაა.

On.ge-ს კითხვას, რა დრო სჭირდება ახალი ავტობუსების აღჭურვასა და ხაზზე გაშვებას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პასუხი არ აქვთ და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ავტობუსები ხაზზე ეტაპობრივად გავა.