იუსტიციის საბჭოს სურს მართლმსაჯულების საკითხები მედიაში გაშუქდეს. ამისთვის ის სამ მედიასაშუალებაში - იმედში, პალიტრა მედიისა და აფხაზეთის ხმაში სპეციალური მასალების განთავსებას გეგმავს. ამ საკითხზე მედიასაშუალების წარმომადგენლებთან [ასე გაეცნენ იუსტიციის საბჭოს] შეხვედრა იუსტიციის საბჭოს 11 აპრილს ჰქონდა.

ამ საბჭოს სხდომაზე ტელეკომპანია იმედის სახელით ეკა ნადაშვილი საუბრობდა. ის სხდომაზე ამბობდა, რომ არხი მზად იყო იუსტიციის საბჭოსთან სათანამშრომლოდ, ეჩვენებინათ ყველაფერი "ქვეყნისთვის სასიკეთოდ". არხის სახელით შეთავაზება იყო, რომ მასალები განთავსებულიყო როგორც საინფორმაციო პროგრამებში, ასევე სხვადსხვა გადაცემაში, მათ შორის იმედის კვირაში.

"გვინდა, რომ რამდენიმე ქეისი, 12-დან 16-მდე, თქვენი საქმეების, რომელიც უკვე დასრულებულია, ეს წარმოვაჩინოთ, გავუკეთოთ რეკონსტრუქციები თუ რა, როგორ მოხდა, როგორც სისხლის სამართალი, ასევე სამოქალაქო საქმეები. რა თქმა უნდა, თქვენი კონსულტაციის გარეშე ეს ვერ გამოვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველ შემთხვევაში, "პოლიტიკურს" რასაც ეძახიან იმას არ შევეხოთ და იყოს უფრო ნეიტრალური საქმეები. თქვენ რასაც გვეტყვით, რომელი საქმეებიც გინდათ, რომ წამოვწიოთ წინა პლანზე, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ საქმეებს განვიხილავთ. ამას გააკეთებენ ის ჟურნალისტები, რომელთაც აქვთ 20-წლიანი გამოცდილება მინიმუმ," - აღნიშნა ნადაშვილმა.

"ჩვენ ამ ემოციებს თქვენთან იმიტომ ვაფიქსირებთ, რომ ის მხარეები, რომელიც არ არის წარმოჩენილი და უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ნაკლია, ვერ ვმუშაობთ, PR არ ვარგა, ყველა დატვირთულია, მოსამართლეებიც და არამოსამართლეებიც და არ ექცევა სათანადო ყურადღება იმ პოზიტივების წარმოჩენას, რომელიც არსებობს სასამართლოში," - უთხრა სხდომაზე ნარინდოშვილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

ჩანაწერში ისმის აფხაზეთის ხმასთან და პალიტრა მედიასთან გადაცემებთან დაკავშირებით მოლაპარაკების ნაწილიც. აფხაზეთის ხმის წარმომდგენელი ამბობდა, რომ მარტო სატელევიზიო პროექტები საკმარისი არ იყო და აუცილებელი იყო რადიოსა და სოციალური ქსელების გამოყენება. პალიტრა მედია, კი სპეციალურ ყოველდღიურ რუბრიკას სთავაზობდა, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა მიმდინარე ამბები. მათ შორის მოსამართლეების ბიოგრაფიებს, როგორია მათი ერთი დღე.

რადიო აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა გაუგებრობას უწოდებს 11 აპრილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ჰოლდინგის წარმომადგენლის, დავით კორახაშვილის მონაწილეობას. ბერულავის თქმით, კორახაშვილს ეგონა, რომ სასამართლო საკითხებზე პროექტი დონორებისგან უნდა დაფინანსებულიყო და ამან შეიყვანა შეცდომაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მურუსუძე ამბობს, რომ საბჭოს სურდა რუსთავი 2-ზე წლების წინ გასული გადაცემის (პროკურორის) მსგავსი პროექტი დაეწყო. მურუსიძე ამბობს, რომ მას ის პროექტი მოსწონდა.

აღნიშნული შემთხვევის შესახებ ცნობილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მიერ მომზადებული მასალით გახდა, რომელიც გუშინ, 30 აპრილს გავიდა ეთერში. On.ge ცდილობს მხარეებთან დაკავშირებას და მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.