რადიო აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა გაუგებრობას უწოდებს 11 აპრილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ჰოლდინგის წარმომადგენლის, დავით კორახაშვილის მონაწილეობას. ბერულავის თქმით, კორახაშვილს ეგონა, რომ სასამართლო საკითხებზე პროექტი დონორებისგან უნდა დაფინანსებულიყო და ამან შეიყვანა შეცდომაში.

"დათო [კორახაშვილი] არ არის "ტელევიზიონშიკი" და ვერ გაერკვა იმ დეტალებში, რაც შეიძლება ჩადებულიყო ამ შეხვედრაში. რაც ჩვენ საბოლოოდ ვნახეთ, ეს აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს დაგეგმილი PR კამპანია და მასში მედიაკომპანიების ჩართვის, თუ ჩაბმის მცდელობა," - ამბობს ბერულავა, რომელიც დასძენს, რომ მსგავსი შეთავაზება მათთვის მიუღებელია.

გარდა ამისა, ბერულავა აღნიშნავს, რომ მათი მედიასაშუალებაში საბიუჯეტო თანხებით დაფინანსებული პროექტები არ თავსდება.

გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 აპრილის სხდომის შესახებ მასალა მოამზადა. სხდომაზე იუსტიცის საბჭოსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პოზიტიურად გაშუქების შესახებ საუბრობდნენ.