საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებაზე, დაუსაბუთებელია. მისივე აზრით, ბუნდოვანია, თუ რა იწვევს ცვლილებების შეტანის აუცილებლობას და განმარტებითი ბარათი არ იძლევა ინფორმაციას, თუ რამ გამოიწვია წვევამდელთა გაწვევის შეფერხება.

ომბუდსმენის აზრით, სესიაშვილის შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების პრობლემის აღმოფხვრას:

"საქართველოს სახალხო დამცველს საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე რაც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიუღებელია პრობლემის მოგვარების მიზნით მსგავსი ფრაგმენტული და დაუსაბუთებელი ცვლილებების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მიდგომების ნაცვლად, შეიმუშაოს ისეთი ხედვა, რომელიც მიმზიდველს გახდის სამხედრო სამსახურს."

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ნატოს წევრ უმეტეს სახელმწიფოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ან გაუქმებულია, ან გაწვევა დაფუძნებულია მოხალისეობრივ საწყისებზე და შესაბამისად თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, შეცვალონ მიდგომა და მიუახლოვონ სამხედრო სამსახურის სისტემა ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებს.

"წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე," - ასეთია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც სსსკ-ის 356-ე მუხლში თავის არიდების შემთხვევებს აზუსტებს.

21 აპრილს, On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის შესახებ, რომელიც წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. სწორედ ამის შემდეგ დაინახა ირაკლი სესიაშვილმა კანონში შესატანი ცვლილების აუცილებლობა.