ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აფგან მუხტარლის საქმესის გამოძიების სავარაუდო ვადებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამისათვის სამართალდამცავებს კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდებათ. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, სადაც ჟურნალისტებმა აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი პროტესტი გამოხატეს:

"კონკრეტულ დღეებზე ვერ ვისაუბრებთ. კონკრეტული ვადის დაწესება ვერცერთ ქვეყანაში ვერ მოხდება. რამდენიმე კვირაზეა საუბარი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ საქმის გამოძიება. ძალიან რთული საკითხია, ძალიან დიდი და რეზონანსული მნიშვნელობის. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა კონტაქტი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპებში უნდა მოხდეს ეს გამოძიება".

სოფო კილაძის განცხადებით, მას მუხტარლის საქმეზე, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხა ეს, რომ ქალაქში არ იმყოფებოდა:

"ის ფაქტი რომ, ჩვენ პასუხი არ გავეცით თავიანთ მოთხოვნაზე შეხვედრასთან დაკავშირებით არის ტყუილი. როდესაც მომივიდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს სურთ შეხვედრა, მე ფიზიკურად არ გახლდით ქალაქში, ამიტომ, შესაბამისად ვერც შევხვდებოდი. ამის შემდეგ არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა მათი მხრიდან. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰქონია შეხება ჩვენთან, იცის რომ ჩვენთან შეხვედრა ნამდვილად არ არის პრობლემა, არც მოქალაქეების დონეზე, არც ორგანიზაციების დონეზე. აქედან გამომდინარე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ".

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციას შეეძლო აფგან მუხტარლის საქმის დღის წესრიგში შეტანა:

"დღეს ბატონმა სერგო რატიანმა გადაწყვიტა დაედგა შოუ, მაგრამ ამ შოუს დადგმის უფლება არ მივეცით. ბატონი სერგო რატიანისგან არ ყოფილა ეს საკითხი დაყენებული წინასწარ. არც შეუთანხმებია, არც მოსულა არავითარი თხოვნით, არც კონსულტაციები გაუმართავს, რომ უნდოდა ამ საკითხის დაყენება კომიტეტზე. რაც შეეხება თვითონ საკითხის დაყენებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა გვაქვს ჯერ ჩვენი საკმარისი ინფორმაცია, იმაზე რომ შემდეგ გავმართოთ დისკუსია, სწორი იყო კონკრეტული გადაწყვეტილება სამართალდამცავების მხრიდან თუ არ იყო სწორი კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოეფინოს ნათელი ამ საქმეს".

დღეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა პროტესტის ფონზე დაიწყო. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იქ მისულმა ჟურნალისტებმა თავზე პოლიეთილენის შავი პარკი ჩამოიფარეს და ასე გამოხატეს აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი პროტესტი.