გირჩმა არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ხელმოწერები ცესკოში ფაეტონითა და ხურჯინით მიიტანა. შესაბამის ვიდეოს პარტია ფეისბუკით ავრცელებს.

ვიდეორგოლში ჩანს, რომ ცესკოში წარსადგენი წერილი პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბუმბულით დაწერა.

როგორც პარტია დღეს ავრცელებდა ინფორმაციას, მათ ჰქონდათ არჩევნებში პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობაზე მეტი (28 050 ხელმოწერა).

როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ნიკა ობოლაძე ფეისბუკზე წერს, ცესკომ მათ რეგისტრაციაზე უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ დოკუმენტებში მინიმუმ 3 051 შესაძლო შეცდომის აღმოაჩენს:

"თუ ცესკომ, ბაზების ხელით გადამოწმებით ვერ იპოვა წუთში 3 შეცდომა (ისეთი რომელიც არ არსებობს) გირჩი დარეგისტრირდება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო რეგისტრირებული ბევრი პარტია ( ანუ თავის დროზე მიიტანა 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერა)".