საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს სხდომათა დარბაზი კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა.

"თქვენ არ გყავთ არცერთი პოლიტიკური მოკავშირე... თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას," - ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა ნიკა მელია, როცა მას პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის მოთხოვნით მიკროფონი გაუთიშეს.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზის დატოვება დაიწყეს, ნაწილმა კი საუბარი მაინც გააგრძელა. ამის შემდეგ ჩუგოშვილმა მანდატურებს ნიკა მელიას გაყვანა სთხოვა, მოგვიანებით, კი რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

მანამდე, პროტესტის ნიშნად დარბაზი ევროპულმა საქართველომ დატოვა. უმცირესობის წარმომადგენლების დარბაზიდან გასვლას ტაში, სტვენა და სიცილი მოჰყვა.

"თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში, თქვენ იმსახურებთ, დარჩეთ ამ ფარსში მარტო", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ და თანაგუნდელებთან ერთად დარბაზი დატოვა.