დღეს, 29 სექტემბერს, 21 საათზე, დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები და თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე ითამაშებენ. მატჩის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრით დამწვარი საფარის აღდგენას მოხმარდება. საქართველოს სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საორგანიზაციო ხარჯებს სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი სრულად ფარავს. ის ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა ერთი კვირის გასვლის მიუხედავად, შესაბამისი მონაცემები ვერ მივიღეთ.

"თუ ვარაუდი გამართლდა და ამ შემთხვევაში სრულად შეივსო დარბაზი, დამატებით 300 ათასი ლარის მოზიდვას შევძლებთ", - ამბობს მუჯირი, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველო-ირანის საფეხბურთო მატჩის ბილეთებიდან 100 ათასი ლარი შევიდა, რაც ასევე იხარჯება ტყის საფარის აღსადგენად.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISEFD) დღეს კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კახა კალაძის საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზეც. ორგანიზაციის იურისტი, ნინო ნიჟარაძე On.ge-ს იმ სავარაუდო დარღვევებზე ესაუბრა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატს ამ თამაშით შესაძლოა წარმოეშვას, მათ შორის:

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება შეიძლება კახა კალაძის სასარგებლო შემოწირულობა იყოს, იმის მიუხედავად, რომ მათ არ დახარჯონ ფინანსები;
  • კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება. კალაძის მონაწილეობით მატჩი იძენს პოლიტიკურ ელფერს და შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიება, რომელიც თან საქველმოქმედო აქციაა.

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქველმოქმედო მატჩი საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის:

"ამ ადამიანებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ათი წლის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით და ერთად მივაღწიეთ იმ დიდ გამარჯვებებს, რაც მილანში გვქონდა. ამიტომ, დავუკავშირდი ამ ადამიანებს. მხოლოდ ეს იყო ჩემი ფუნქცია".

საკითხის შესასწავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე მიმართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტია ევროპულმა საქართველომ. აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი ამბობს, რომ საკითხზე წინასწარი მოკვლევა დაწყებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეში მნიშვნელოვანი გარემოება საფეხბურთო მატჩის გამართვაა.

"მნიშვნელოვანია ამ მატჩის დროს რამდენიმე გარემოება: პარტიული სიმბოლიკა, აგიტაცია - ეს ღონისძიება თუ დაემსგავსება პარტიულ ღონისძიებას, მაშინ შესაძლებელია დადგეს დარღვევისა და პასუხისმგებლობის შესახებ საკითხი", - განმარტავს აზნაურაშვილი.

მისი თქმით, დარღვევის დასადგენად ან გამოსარიცხად მნიშვნელოვანია მანამდე არსებული საქველმოქმედო ღონისძიებებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის შესწავლა.

"უნდა არსებობდეს მსგავსი პრაქტიკა, რომ დავუკავშიროთ [ერთმანეთს]. მსგავსი ღონისძიება ჩაუტარებია თუ არა ფეხბურთის ფედერაციას; მსგავს ღონისძიებაში მიუღია თუ არა კახა კალაძეს მონაწილეობა? ასეთ პრაქტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა", - ამბობს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

საიასგან საკითხის შესწავლის მოთხოვნის წერილი მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ On.ge-ს საიასთვის მიწერილი პასუხის შინაარსი გააცნო.

"ის ღონისძიება, რომელიც გაიმართება დღეს საჯაროდ არის გამოცხადებული. მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ბილეთის შეძენის გზით. ეს არ წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონით, ან საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებას", - ამბობს მიქელაძე და დასძენს, რომ თუ დღეს სამართალდარღვევა გამოიკვეთა, მასზე რეაგირება მოხდება.

ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში ერთი თვის განმავლობაში ხანძარი ორჯერ გაჩნდა. 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი მერვე დღეს, 27 აგვისტოს ჩაქრა. ჩაქრობით სამუშაოებში როგორც საქართველოს, ისე მეზობელი ქვეყნების მეხანძრე მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები იყვნენ ჩართული. მეგობარი ქვეყნის დახმარება გახდა საჭირო 22 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობადაც. მაშინ ხანძარს ექვსი დღე ებრძოდნენ.