საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის თქმით, ვიდეოკადრებში ნუცუბიძის ინციდენტის დროს გარდაცვლილი პირის დაკავების კადრები ასახული არაა.

"ჩვენ ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრონული მოწყობილობები, რომელზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული. დათვალიერების შედეგად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ვიდეოებზე ასახული. შეგიძლიათ დაელოდოთ ექსპერტიზის დასკვნას. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და დაადგენს, თუ რაიმე მანიპულაციები არის მომხდარი ჩამწერ ელექტრონულ მოწყობილობებზე", - თქვა პროკურორის მოადგილემ.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ მინისტრის მოადგილემ თავიდან მტკიცებით ფორმაში თქვა ჩანაწერების არსებობის შესახებ, შემდეგ, იმავე კომენტარში, თავისივე ნათქვამი დააზუსტა.

"ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაკავების მომენტი... კამერების ჩანაწერები არსებობს... იქ არის მომენტები, მათ შორის ცუდად გახდომის მომენტი უნდა ჩანდეს, რამდენადაც მე ვიცი... თუ რატომ არ ჩანს მაგიტომ არის გამოძიება, რომ გასცეს პასუხი და გამოიკითხონ ის პირები ვინც პასუხისმგებელი იყო", - აღნიშნა ხუციშვილმა.

25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და მალევე მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა. უწყების პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პირის გარდაცვალებაში პოლიციელების ბრალეულობა კატეგორიულად გამორიცხულია.