საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, ისანში სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.

"საპატრულო პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სპეცოპერაციის განმავლობაში მიმდებარე პერიმეტრს იცავდა. პოლიციის მიერ ეტაპობრივად განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებდნენ მოქალაქეების გადაადგილებას. საპატრულო პოლიციის ყველა ქმედება მიმართული იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისკენ", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მონაწილეობდნენ.

თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია დაახლოებით სამი საათის წინ დასრულდა. ისანში სპეცოპერაცია თითქმის 22 საათი ტარდებოდა, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებულია ერთი პირი და ლიკვიდირებულია სამი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა - ორი. გარდა ამისა, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მაცხოვრებელ ადამიანებს მერია, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფს.