გენდერული კვოტირება პარლამენტში - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ გარდაუვალი აუცილებლობა
პარლამენტში გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. ინიციატივა, რომელსაც ხელი 30 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა, პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა დაარეგისტრირა. პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში კანონპროექტებს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს. ქალი დეპუტატები კი გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერენ.
გენდერული კვოტა
გენდერული კვოტა დროებითი მექანიზმია და პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად გამოიყენება. კვოტირების იდეის მიზანია დაიცვას ქალები პოლიტიკური იზოლაციისგან. მთელ მსოფლიოში ქალთა 30-40-პროცენტიანი წარმომადგენლობა ე.წ. კრიტიკულ მასად ითვლება, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს, როგორც ინტერესთა ჯგუფს, სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენა ჰქონდეს.
გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის არსი
კანონპროექტი გენდერული კვოტების შესახებ ეროვნული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას ითვალისწინებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივა არ ეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას და 50-პროცენტიან კვოტას მხოლოდ პროპორციული სიით წარდგენილი კანდიდატებისთვის აწესებს.
მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ On.ge-ის განუცხადა, რომ შესაძლოა, კანონპროექტის პირველადი ვარიანტი შეიცვალოს და გენდერული კვოტების კანონპროექტის მოქმედება მაჟორიტარულ სისტემაზე გავრცელდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"არ გამოვრიცხავ, რომ კანონპროექტი მოდიფიცირდეს. შესაძლებელია, კანონის მოქმედება მაჟორიტარებზეც გავცელდეს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს და თუ დეპუტატი დატოვებს პარლამენტს, ის უნდა ჩანაცვლდეს პარტიული სიიდან იმავე სქესის ადამიანით.
სანქციები
თუ პარტიის მიერ წარდგენილ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე ქალი არ იქნება, ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას სიას უკან დაუბრუნებს. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.
ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა საქართველოში - რეალობა
დღეს საქართველო, ქალების რაოდენობით პარლამენტში, მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის 120 ადგილს იკავებს.
გლობალური გენდერის ინდექსის მიხედვით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობით საქართველო, 144 ქვეყანას შორის, 90-ე ადგილზეა. ქალთა უშუალო პოლიტიკური მონაწილეობისა და წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა საერთო რაოდენობით, საქართველო 114 ადგილზეა.
2012‐2016 წლების პარლამენტში სულ 18 ქალი იყო, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 12 პროცენტია.
2016 წლის არჩევნების შედეგად, საპარლამენტო მანდატი 24‐მა ქალმა მიიღო, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 16 პროცენტია. მთავრობის ფორმირებისა და ზოგიერთი ქალი კანდიდატის მიერ საკუთარ მანდატზე უარის თქმის შემდეგ, ეს რიცხვი ერთით შემცირდა.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში არჩეული დეპუტატების მხოლოდ 11,6 პროცენტია ქალი. არსებობს მუნიციპალიტებები (თელავი, მცხეთა, წალკა, ასპინძა, ფოთი), სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ქალი დეპუტატი არ არიან.
საქართველოს 15 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი.
ქალების რაოდენობა პარლამენტში გენდერული კვოტების ამოქმედების შემდეგ
საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატიდან 38 იქნება ქალი, რაც პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 26 პროცენტია. პარლამენტში ქალები შეიძლება მოხვდნენ არაპარტიული სიით, მაჟორიტარული წესით.
პოლიტიკური პარტიების პოზიციები გენდერულ კვოტებზე
მმართველ გუნდში, კანონპროექტთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილი, რომელიც, ამავდროულად, პარლამენტში შექმნილი გენდერული საბჭოს ხელმძღვანელია, On.ge-ს ეუბნება, რომ გენდერული კვოტების, როგორც დროებითი მექანიზმის, შემოღება მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოში ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია.
"ქალებისა და კაცებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის გარემო თანასწორი არ არის. ქალებს უამრავი ბარიერი ხვდებათ. ბარიერების დასაძლევად კვოტა დროებითი ზომაა. ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს არის საუკეთესო საშუალება დროის მოკლე პერიოდში დიდი პოზიტიური ნახტომის გასაკეთებლად", - უთხრა თამარ ჩუგოშვილმა On.ge-ს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ On.ge-ს განუცხადა, რომ კვოტა, როგორც დროებითი მექანიზმი, მისაღებია, თუმცა მის მუდმივად გამოყენებას არ ეთანხმება.
"გენდერული კვოტების შემოღებას მხარს ვუჭერ და როგორც დროებითი ზომა, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორია. ამ ეტაპზე კარგი სტარტისთვის პირობები უნდა გავათანაბროთ", - ამბობს აკაკი ზოიძე.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და პროცესს ხელოვნურს უწოდებს.
"ისტორია აჩვენებს, რომ ნებისმიერი წინგადადგმული ნაბიჯი, ყოველთვის მუშაობს დადებითად მაშინ, როცა ის საზოგადოების წიაღში იხარშება და მისი გაცნობიერება/გათავისება ხდება. ამ ეტაპზე გენდერული კვოტები ხელოვნური იქნება", - უთხრა On.ge-ს რომან კაკულიამ.
რადიკალური პოზიცია აქვს უმრავლესობის დეპუტატს გედევან ფოფხაძეს. ის მიიჩნევს, რომ კვოტების საკითხის განხილვაში პარლამენტი დროს არ უნდა კარგავდეს.
"რა არის ჩვენი მიზანი? პროფესიული და ძლიერი პარლამენტი გვყავდეს თუ ის, რომ მოვიცვათ ყველა?. კვოტირება რჩება იმ თემად, რომელსაც ვერანაირად ვერ მივიღებ, ვერც მენტალურად და ვერც შინაგანად", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საპარლამენტო ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიას განაცხადა, რომ კანონპროექტი პოზიტიური დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს.
"ქალს თვითრეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს და თავისი კვალიფიკაციით შეძლოს პოლიტიკური ცხოვრება. მიუხედავად ამისა, კვოტირების პროექტების განხილვაში აქტიურად ჩართულები ვიქნებით, თუ დავრწმუნდებით, რომ ასეთი დროებითი საშუალება მდგომარეობას გააუმჯობესებს", - ამბობს ელენე ხოშტარია On.ge-სთან საუბრისას.
დეპუტატის თქმით, პრობლემურია ის, რომ კანონი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემზე არ ვრცელდება.
"გამოდის, რომ მაჟორიტარებში კაცების კლუბს ვქმნით. ამ დროს კი რეგიონში ძლიერი ლოკალური ლიდერები გვჭირდება", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, კი კანონპროექტის ნებისმიერ ვარიანტს ხმარს დაუჭერენ.
"ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნებ ზუსტი ვარიანტი. რასაც შემოგვთავაზებენ, იმას დავუჭერთ მხარს. თუმცა ჩვენთვის მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვერსია", - უთხრა On.ge-ს რომან გოცირიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია
არასამთავრობო სექტორმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 118 ორგანიზაცია აწერს.
განცხადების მიხედვით, ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ.
"საქართველოში არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე დროულად განიხილონ.
"პროპორციულ სიაში გენდერული კვოტების დაწესება დროებითი მექანიზმია პოლიტიკაში ქალებისა და კაცების თანასწორობის მისაღწევად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერის, მაკა მეშველიანის თქმით, მთავარი გამოწვევა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებული სტერეოტიპებია.
ის ამბობს, რომ ქალებს აფასებენ მათი საქმიანობით ოჯახში და არა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
"თუ დაველოდებით, ბუნებრივი გზით როდის აღმოიფხვრება ეს პრობლემა, შეიძლება ბევრი წელი გავიდეს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს შეიძლება 100 წელიც კი იყოს. თანასწორობისთვის 100 წელი საკმაოდ დიდი დროა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წინ გავუსწროთ მოვლენებს", - უთხრა მაკა მეშველიანმა On.ge-ს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი გენდერული კვოტების, როგორც ხელოვნური მექანიზმის შემოღებას, არ ეთანხმება.
ფონდის მკვლევრის სოფო გელავას თქმით, გენდერული თანასწორობის შესახებ დისკუსია ჯანსაღი პროცესია, თუმცა თავად კვოტები პრივილეგიას ქალებს გენდერული ნიშნით ანიჭებს, რაც დისკრიმინაციულია და ასევე თავად ქალებისთვის შესაძლოა დამამცირებელიც იყოს.
"ამ შემთხვევაში არის განწყობა თითქოს ქალებს, კაცებისგან განვასხვავებით, არ აქვთ უნარები ჯანსაღ კონკურენციაში ჩაებან მამაკაცებთან და წარმატებას საკუთარი კვალიფიკაციითა და შესაძლებლობებით მიაღწიონ. ქალები, ასევე მამაკაცები, კონკრეტულ ადგილებზე მათი ინდივიდუალური უნარებით უნდა შეირჩნენ და ეს გენდერულ ნიშანზე დაფუძნებული არ უნდა იყოს", - უთხრა On.ge-ს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარმა, სოფო გელავამ.
საერთაშორისო ვალდებულებები
გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2014 წელს საქართველოს მოუწოდა, ქალებისა და კაცების არსებითი თანასწორობის დასაჩქარებლად, დროებითი სპეციალური ზომები გაატაროს, მათ შორის დანერგოს კვოტირების მექანიზმი.
ევროკავშირთან ასოცირების 2017-2020 დღის წესრიგი საქართველოს ავალდებულებს გააქტიურდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.
საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერით, კი სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს კაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ საარჩევნო კვოტების არსებობა საკმარისი არ არის. მისი ეფექტურობისთვის სამი მახასიათებლის არსებობაა აუცილებელი:
- სასურველი რაოდენობის მინიმალური სტანდარტი, ანუ კვოტების პროცენტულობა.
- სიაში განთავსებისა და ჩანაცვლების წესის დაცვა.
- მკაცრი სანქცია (რეგისტრაციაზე უარის თქმა ან მაღალი ფინანსური ჯარიმა).
ქვეყნებში, სადაც სამივე კრიტერიუმი დაცულია, არჩევით ორგანოებში ქალთა მაღალი წარმომადგენლობა ფიქსირდება. მაგალითად: ბელგია - 39,3%, ესპანეთი - 39,7%, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია - 35%, სლოვენია - 35,3% და პორტუგალია - 33%.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები