შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ძამბოლატ თედეევი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრია. ის რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტარია. On.ge ბოდიშს იხდის შეცდომის გამო.

"ეს პოლიტიკასთან არ არის კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია", - ასე ხსნის საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის, თედეევის სახიანი მაისურით გადაღებულ ფოტოს.

იანტბელიძე ამბობს, რომ თედეევი მათი ქომაგია და ყოველთვის ცდილობს საქართველოს ნაკრების მხარდაჭერას. მისივე თქმით, მსგავსი მაისურები საერთაშორისო ჩემპიონატების ატრიბუტია და რუსეთის ნაკრებსაც ეცვა მაისურები ვლადიმერ ხინჩიგაშვილის ფოტოთი.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა ადამიანი სპორტის გარდა დაკავშირებულია პოლიტიკასთან, მათ შორის "მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან". მისი თქმით, თავის მართლებას არ აპირებენ და დაუფიქრებლობისთვის ბოდიშს იხდიან.

"ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენ ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისათვის დაღუპული მებრძოლებისადმი".

აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია თედეევის შესახებ On.ge-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან. მათ რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ (ჯაბო) თედეევის სახეა დაბეჭდილი.

თედეევი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტში ფრაქცია რუსი პატრიოტების წარმომადგენელია. მას ოსეთის გმირისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის სხვადასხვა ჯილდოები აქვს მიღებული.

გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით On.ge იანტბელიძეს ესაუბრა. სატელეფონო ინტერვიუს დროს, რამდენიმე კითხვის შემდეგ მან საუბრის გაგრძელება არ ისურვა და შეხვედრა მოითხოვა. მოგვიანებით, შეხვედრისთვის დათქმული დრო გადაწია, შემდეგ კი არც სატელეფონო ზარებს, არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აღარ უპასუხა. სტატიის გამოქვეყნების და ფოტოს გავრცელების შემდეგ კი განმარტება ფეისბუქით გაავრცელა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გაავრცელა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმაც. მისი თქმით, თედეევი მათი მეგობარია და ფოტო ამიტომ გადაიღეს. მისივე თქმით, დაკარგულ ტერიტორიებზე მას და მთელ გუნდს შესტკივა გული.

გაიგეთ მეტი: საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის "პატივსაცემად" მისი გამოსახულებით მაისური ჩაიცვეს