საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის დაგზავნილი წერილი, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამების ამოღებაზე, ტელევიზიების შეკითხვებზე პასუხია და არა კომისიის სამართლებრივი აქტი.

"ტვ პირველმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია იმედმა წერილობით მიმართეს კომისიას, სადაც ტელეკომპანიები საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებში წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ განმარტებას, იყო თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში".

კომისია არ იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომისიის წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საიას მიაჩნია, რომ კომისიის მოთხოვნა, ამოიღონ ტელევიზიებისგან მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო ვიდეორგოლები, უკანონოა.

"აღნიშნული დოკუმენტი (წერილი) არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, არ არის მაუწყებლების მხრიდან სავალდებულოდ შესასრულებელი", — წერია საიას განცხადებაში.

ტელეკომპანიებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარისგან, კახა ბექაურისგან სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამების დაუყოვნებლივ ამოღების შესახებ წერილი 25 სექტემბერს მიიღეს. წერილით ირკვევა, რომ კომისიამ შეაფასა პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და ის "არაეთიკურად", "ზნეობრივი ნორმების შემბღალავად" და "უხამსობის" შემცველად მიიჩნია.

გაიგეთ მეტი: რა არის კანონდარღვევა: სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამების ამოღება თუ განთავსება