პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს. თეა წულუკიანი NGO-ების განცხადებებს "არასერიოზულს" და "ყველანაირი სტანდარტის დარღვეულს" უწოდებს:

"ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენე წელია და თვეა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზედაპირული შეფასებებით. შესაბამისად, მათი სიტყვა უკვე პრინციპში ნიშნავს არაფერს, ეს არის ჩვენი სამოქალაქო, აი ამ კონკრეტული სექტორის ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა".

13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასერიოზული უწოდა.

"ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მისი გადადგომა მოითხოვეს, იმედის კვირის ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა

პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მძიმე კრიზისია და ამაზე სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირება და პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე მიუთითებს.

ივნისში თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა. მაშინ მინისტრი იმედის კვირაში გამოეხმაურა და აქციის ორგანიზატორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი თანამდებობის დასაკავებლად, პარტიად ჩამოყალიბება ურჩია.