ქართული ოცნების პოლიტსაბჭო სასამართლო ხელისუფლების საკითხზე, არასამთავრობოებისა და საზოგადოების კრიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული და მისი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" მოსამართლეები.

"გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ" — წერია განცხადებაში.

ქართული ოცნება მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას არ ჩაერთონ "არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში" და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

"მათი შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკა და დღის წესრიგი სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნისა და დასჯის თაობაზე ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან".

პოლიტსაბჭოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნება 2012 წელს იმ ქვეყნის სათავეში მოვიდა, სადაც სამართალი არ არსებობდა და მათ სასამართლო ხელისუფლებას "თვითგამორკვევის საშუალება" მისცეს, რათა პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებულიყო. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია სასამართლოს მიღწევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე, რასაც პარტია სასამართლო სისტემის გაუმჯობესების არგუმენტად იყენებს. პოლიტსაბჭოში ამბობენ, რომ გააგრძელებენ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

სასამართლოში სამართლისთვის — დაპირისპირება უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ მიზეზით, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვა. მისი თქმით, ასე მოსამართლეების სიის დამკტკიცებას შეუშალა ხელი. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი.

წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამ საკითხმა ქართულ ოცნებაში დაპირისპირება გამოიწვია.

ღია დაპირისპირების შემდეგ მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით იმსჯელეს. მათი გადაწყვეტილებით, მოსამართლეების ამჟამინდელი სიის განხილვა აღარ მოხდება. მათივე თქმით, ჯერ შემუშავდება შერჩევის კრიტერიუმები, შემდეგ კი ახალი კანდიდატები შეირჩევიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო სისტემის მურუსიძე-ჩინჩლაძის "კლანური" მმართველობიდან გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს და მანიფესტი შეიმუშავეს. მათი თქმით, არამხოლოდ სია უნდა გაიწვიონ, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაითხოვონ და ახალი მოსამართლეებით დააკომპლექტონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს პროტესტი მოსამართლეების მიზანმიმართული დევნაა და არასამთავრობოებს პირადი ინტერესები ამოძრავებთ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი თქვა, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა სასამართლო ხელისუფლების გადადგომის შესახებ არაკონსტიტუციურია.