"მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის დაიწყო", — ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქგვერდმა გაავრცელა სახელწოდებით სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის.

საინიციატივო ჯგუფის ცნობით, ამ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს ირაკლი ყანდაშვილი. სოციალურმა მუშაკებმა მას გააცნეს ყველა ის მოთხოვნა, რომლითაც 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს.

"საზოგადოებისა და პროფესიული თემის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ ადამიანებისათვის, ვისაც ვემსახურებით! მადლობას გიხდით გამოხატული თანადგომისთვის და გთხოვთ ხელმოწერით შემოუერთდეთ პეტიციას",— ნათქვამია განცხადებაში.

მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით სოციალურმა მუშაკებმა პეტიცია შექმნეს. პეტიციით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.

8 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართეს. მათ დაუყოვნებლივი რეფორმების გატარება მოითხოვეს იმისთვის, რომ ეფექტურად შეძლონ საქმიანობის განხორციელება. მათი თქმით, უწყებას აქამდეც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ნორმალური სამუშაო სივრცე, სადაც იმ ადამიანებს მიიღებენ, ვისაც დახმარებას უწევენ. მათივე თქმით, სერვისების არარსებობა ართულებს მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის პროცესს. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები ანაზღაურებისა და კადრების დამატებას ითხოვენ.

ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება