ფორმულა კრეატივი თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ტელევიზიას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს On.ge-ს.

"გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი", — აცხადებენ კომპანიაში.

მათი განმარტებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე:

"დღეს ქვეყანაში შემქნილი პოლიტიკური ვითარება და აშკარად გაძლიერებული რუსული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მოქალაქეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები".

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფორმულა კრეატივი ტელევიზიის გახსნას გეგმავს. პარალელურად, არხის გახსნა დააანონსა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. დღეს, პირველ აგვისტოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა და ახლა უკვე ბიზნესმენმა, დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ტელევიზიას ქმნის.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.