კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად მოსახლეობაში არაერთი კითხვა გაჩნდა. ანტივაქსერულ დეზინფორმაციას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და მედია სწორი ინფორმაციის გავრცელებით ებრძვის. გარდა ამისა, არაერთი საჯარო პირი სახელისუფლებო გუნდიდან, ოპოზიციიდან, კულტურისა თუ სპორტის სფეროდან მოსახლეობის წასახალისებლად საჯაროდ იცრება.

მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილში არსებობს კითხვები იმაზე, რამდენად ეფექტური და სანდოა ვაქცინა, რა გვერდითი მოვლენები აქვს მას და რა შემთხვევაში არ შეიძლება კონკრეტული ვაქცინით აცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ მთავრობამ ინფორმირებულობის გასაზრდელად ვებგვერდი შექმნა, სადაც აღნიშნულ, ხშირადდასმულ კითხვებზე პასუხები და რეკომენდაციებია მოცემული.

On.ge საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ რჩევებსა და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

რატომ უნდა ჩავიტაროთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ვაქცინაცია სწორი არჩევანია Covid-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ Covid-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.

პანდემიის შესაჩერებლად Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება: ნიღაბის ტარება, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.

როგორ დავრწმუნდე Covid-19-ის ვაქცინის უსაფრთხოებაში?

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რეკორდულად მცირე დროში შექმნილი უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობისა და დიდი ინვესტიციების შედეგია და ის სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

მხოლოდ კლინიკური კვლევების საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ ხდება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება. ქვეყანაში დაინერგება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქონდა. ეს უნდა იყოს ნერვიულობის საბაბი?

როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, მაგ. პენიცილინზე ან მიწის თხილზე (არაქისი), კრაზანას ნაკბენზე და ა.შ., ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია; მსგავსი რეაქცია შესაძლებელია, ასევე, აღმოაჩნდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა ადრე რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.

მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება, შესაბამისად, მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.

სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოგვიანებითი ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება?

Pfizer-ის ვაქცინა უკუნაჩვენებია:

  • 16 წელზე უმცროსი ასაკი;
  • ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე, განსაკუთრებით პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე; მეორე დოზისთვის — დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე;
  • დროებითი უკუჩვენებები — ცხელებით მიმდინარე (38,5ºC-ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება — ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე;
  • Covid-19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე;
  • Covid-19 გადატანილ პირებში მონოკლონური ანტისხეულებით ან რეკონვალესცენტის პლაზმით ჩატარებული მკურნალობა — ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სულ მცირე 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინინდუცირებული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით;
  • ნებისმიერ სხვა აცრასა და Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს (გამონაკლისია ანტირაბიული პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე).

ასტრაზენეკას რეკომბინანტული ვაქცინა უკუნაჩვენებია:

  • 55 წელზე უმცროსი ასაკი; (განახლება: 11 მაისს ეს მონაცემი შეიცვალა და ვაქცინაცია უკვე შესაძლებელი გახდა 45+ ადამიანებისთვის)
  • ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე;
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება;
  • ცხელებით მიმდინარე (38,5ºC -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება;
  • ნებისმიერ სხვა აცრა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს (გამონაკლისია ანტირაბიული პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე);
  • Covid-19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე.

როგორია Covid-19-ის აცრების ეფექტურობა?

ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია და ემყარება III ფაზის კვლევებს, რაც აღწერილია ანოტაციაში. ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60-დან 95%-მდე. ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმოსა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ (მ.შ. პფაიზერ ბიონტექის და ასტრაზენეკას ვაქცინები) 100% ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის მხრივ.

რამდენ ხანს გრძელდება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედება?

როგორც Covid-19, ასევე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. მეორეს მხრივ, კარგადაა ცნობილი, რომ Covid-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში. ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხო არჩევანია!

ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი ვირუსის ვარიანტებისგანაც დაცულია?

ამ კითხვაზე პასუხს ვიდეოში მოისმენთ.

აქვე გაიგებთ, რა მოხდება, თუ ვაქცინაციის შემდეგ მაინც შეგვეყრება კორონავირუსი.

ვაქცინაციის შემდეგ აღმენიშნება 38ºC-ზე მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, როგორ უნდა მოვიქცე?

ვაქცინაციას შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია და მიანიშნებს, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, შესაძლოა, აღგენიშნებოდეთ შემდეგი მოვლენები: რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, შეწითლება) ინექციის ადგილზე, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია).

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ვაქცინამ ან მედიკამენტმა, შესაძლოა, გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუმცა, ეს მოვლენები ზოგადად მსუბუქი და დროებითია და ხშირ შემთხვევაში ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში იჩენს თავს. თუმცა, თუ სიმპტომები გაგიგრძელდათ და თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 1522-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: ncdc.ge

Covid-19-ის ინფექციის გადატანის შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს თუ არა ადამიანმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რამდენ ხანში?

Covid-19-ის ინფექციის გადატანის მიუხედავად ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია, ვინაიდან ამ ეტაპზე მეცნიერებისათვის უცნობია დაავადების გადატანიდან რა პერიოდით ნარჩუნდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ამჟამად ავტორიზებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება უსაფრთხოდ გაუკეთდეთ ადამიანებს, რომელთაც უკვე გადაიტანეს Covid-19-ის ინფექცია. ვაქცინაციის შეთავაზება ხდება მიუხედავად იმისა, დაავადება იყო სიმპტომური თუ უსიმპტომო. ვაქცინაციის ჩატარებამდე გადაწყვეტილების მისაღებად არ არის მოწოდებული ვირუსზე ტესტირება მწვავე ინფექციის დიაგნოსტიკის ან სეროლოგიური გამოკვლევა გადატანილი ინფექციის დადგენის მიზნით.

საზოგადოებაში დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია Covid-19-ის დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტებში ვაქცინაცია გადაიდოს მანამ, სანამ ადამიანი არ გამოჯანმრთელდება მწვავე დაავადებისაგან (თუ ადამიანს ჰქონდა სიმპტომები) და ისინი არ დააკმაყოფილებენ იზოლირების შეწყვეტის კრიტერიუმებს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება პაციენტებზე, რომელთაც ინფექცია დაუდასტურდათ ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე ან ვაქცინის პირველ და მეორე დოზის შორის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციასა და ვაქცინაციას შორის არ არის რეკომენდებული მინიმალური ინტერვალი, ამჟამინდელი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ Covid-19-ის რეინფექციის რისკი დაბალია ინფექციის შემდეგ რამდენიმე თვე, მაგრამ დროთა განმავლობაში რისკი შეიძლება გაიზარდოს იმუნიტეტის დაქვეითების გამო. საქართველოში დაყოვნების პერიოდი იმ პირებისათვის, ვისაც ტესტირებით დაუდასტურდა ინფექცია, განისაზღვრა 120 დღით.

პირებში, ვისაც Covid-19-ის ინფექციის მკურნალობა ჩაუტარდათ მონოკლონური ანტისხეულების ან აღმდგენი პლაზმით, ვაქცინაცია შეიძლება გადავადდეს 90 დღით თერაპიების სავარაუდო ნახევარგამოყოფის პერიოდისა და რეინფექციის დაბალი რისკის შესახებ მტკიცებულებების გათვალისწინებით.

უნდა აიცრას თუ არა ორსულები და ბაშვები?

ამ ეტაპზე ორსულებში და ბავშვებში არ არსებობს საკმარისი კვლევები და მტკიცებულებები ვაქცინაციის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.

ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება არ მოხდეს ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ორსული ქალის ვაქცინაციის სარგებელი გადაწონის ვაქცინის პოტენციურ რისკებს; მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკებში, რომლებიც Covid-19-ის ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან და თანმხლები დაავადებების მქონე ორსულ ქალებში, რომლებიც Covid-19-ის მძიმედ მიმდინარეობის მაღალ რისკ ჯგუფში არიან. ორსულებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია და ჩაუტარდეთ კონსულტაცია (თუ ეს შესაძლებელია), უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების სიმწირის შესახებ.

საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის. მაგალითად, ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება?

ზოგადად, ვაქცინაციისათვის წინასწარი მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

გაიგეთ მეტი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე: