გოგი წულაია პატიმრობიდან გათავისუფლეს. აღნიშნულზე უნფორმაცია On.ge-ს წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, წულაია 6000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. გირაოს შუამდგომლობა სასამართლოზე დაცვის მხარემ დააყენა.

გელბახიანის ინფორმაციით, წულაია დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას

გოგი წულაია 17 მარტს, ნაცნობ ქალზე ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა", — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, წულაიას დაკავების შემდეგ.

ქალი, რომელზე ძალადობაც ბრალდება წულაიას On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. იგი უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ", — ამბობს ასმათ დვალიშვილი.

გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა.

გაიგეთ მეტი: