მოდით, შევთანხმდეთ — ცხოველების სიყვარული მხოლოდ სოციალურ ქსელებში საყვარელი ლეკვის ვიდეოს გაზიარება, ან თუნდაც მიუსაფარი კატის მოფერება არ არის. ცხადია, ძალიან კარგია, როდესაც ქუჩაში მცხოვრებ ფისოს ცოტაოდენ სითბოს მაინც ვაგრძნობინებთ, თუმცა, სპეცისისტურ საზოგადოებაში ცხოველები კიდევ უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.

კონსუმერული კულტურის შეუქცევადი ზრდის კვალდაკვალ, იმატებს ადამიანთა საზოგადოების მოთხოვნილებებიც. ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულმა, არაგონივრულმა მოხმარებამ და წონასწორობის დარღვევამ რომ მასშტაბურ პრობლემამდე მიგვიყვანა, ამაზე ბევრი საუბარი საჭირო ალბათ არცაა. თუმცა, ცოცხალ სამყაროს მარტო გამონაბოლქვით ან მოწანწკარე ონკანით არ ვაზიანებთ. ადამიანთა საზოგადოებაში ცხოველებს მრავალგვარი დანიშნულებით იყენებენ — საკვებ, გასართობ, კოსმეტიკის და სამოსის ინდუსტრიებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მკაფიო ხაზით გაიმიჯნოს ქმედებები, რომლებიც [ნერვული სისტემის მქონე] მგრძნობიარე ცოცხალ არსებებს აზარალებს, ან, უბრალოდ, კლავს.

შესაბამისად, ჩვენს ყოველდღიურობაში უამრავი რამ არის, რის გაკეთებამდეც ცხოველების მოყვარულებს დაფიქრება მართებთ.

1. სადილობა

ფოტო: Shutterstock

"მე არ ვჭამ ჩემს მეგობრებს" — ვეგანები, რომლებმაც ცხოვრების ეს წესი ეთიკური მიზეზების გამო აირჩიეს, ასე ხსნიან საკუთარ გადაწყვეტილებას. ცხოველთა მოყვარული ადამიანი, რასაკვირველია, შეუძლებელია, საკუთარი ქმედებით, ამ შემთხვევაში, სადილობით, მხარს უჭერდეს ინდუსტრიას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სასტიკად ეპყრობა და ხოცავს პატარა თუ ზრდასრულ ძროხებს, ღორებს, ქათმებს და სხვა. ის ადამიანები კი, რომლებიც ცხოველთა მოყვარულად მიიჩნევენ თავს და, ამავდროულად, ხორცსაც მიირთმევენ, მათი ქმედების ასახსნელად უსაგნო კლასიფიკაციას ხშირად იშველიებენ, რა იჭმევა და რა — არა.

2. სამოსის ყიდვა

ფოტო: Jo-Anne McArthur / We Animals / Naturepl

მრავალფეროვან ვეგანურ სამზარეულოსთან ერთად, ბაზარზე იზრდება ეგრეთ წოდებული cruelty-free სამოსის არჩევანიც, შესაბამისად, ცხოველთა მოყვარულებს ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ. ისინი არ იცვამენ ბუნებრივი ტყავისა და ბეწვეულისგან დამზადებულ ტანსაცმელს. თუმცა, ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნვის ტენდენციას ბოლო ხანებში უკვე სამოსის დიდი ბრენდებიც უერთდებიან. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, მოდის ინდუსტრიის გიგანტმა Kering-მა, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც Gucci, Yves Saint Laurent, Alexander McQueen და Balenciaga არიან, წარმოებაში ცხოველის ბეწვის გამოყენების აკრძალვა გადაწყვიტა.

3. კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების არჩევა

ფოტო: Cruelty Free International

საკვებისა და სამოსისგან განსხვავებით, ვეგანური კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების შერჩევა უფრო რთულია, რადგან ყველა ბრენდი არ იწუხებს თავს შეფუთვაზე იმის დატანებით, იტესტება თუ არა პროდუქცია ცხოველებზე. სისასტიკის დონის შეფასება, ცხადია, არცთუ რაციონალური ქმედებაა, თუმცა, ალბათ მაინც ღირს აღნიშვნა, რომ ინდუსტრიები, რომლებიც წარმოებულ პროდუქციას ცხოველებზე ცდიან, დახოცვამდე მათ აწამებენ კიდეც. PETA-ის ცნობით, მხოლოდ შეერთებული შტატების ლაბორატორიებში ყოველწლიურად 110 მილიონ ცხოველს, მათ შორის, თაგვებს, ბაყაყებს, ძაღლებს, კურდღლებს, მაიმუნებს, თევზებსა და ფრინველებს ხოცავენ. ამავე წყაროსა და ცხოველთა თავშესაფრების ასოციაციის (AWA) ცნობით, მხოლოდ აღრიცხული შემთხვევები მოწმობს, რომ 2015 წლიდან 2019 წლამდე 300 ათასზე მეტ ცხოველზე ცდები ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გარეშე ჩატარდა.

3. ცირკში და ზოოპარკში/დელფინარიუმში წასვლა

ფოტო: Roger Allen

არჩევანზეა თუა საქმე, თავშესაქცევი აქტივობის შერჩევა რთული ნამდვილად არაა. ათობით ქვეყანა კი უკვე შეთანხმდა, რომ ცირკში ცხოველების გამოყენება არათუ თავშესაქცევი, არამედ მავნე და არასაჭირო პრაქტიკაა. ველური ცხოველების დამორჩილებისა და უჩვეულო ტრიუკების გაკეთებინების ერთადერთი გზა ხომ მათთვის ტკივილის მიყენება და უფრო მეტი ტკივილით დაშინებაა. მათთვის, ვინც არაბუნებრივი ქცევის მქონე ცხოველებს ვერ ელევა, გერმანიაში საგანგებოდ გახსნეს ცირკი, სადაც ჰოლოგრამებს იყენებენ.

ნებისმიერი ცხოველი, ისევე, როგორც ადამიანი, თავისუფლებისთვის იბადება. ისინი ასევე იმსახურებენ, ბინადრობდნენ სტრესისგან, სასტიკი მოპყრობისა და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებისგან თავისუფალ გარემოში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ზოოპარკების დიდ ნაწილში ეს შეუძლებელია. ზოოპარკს სხვა, მაგალითად, საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტადაც მიიჩნევენ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შეუსაბამო პირობების მქონე ადგილას, სადაც დასტრესილი ცხოველი არაბუნებრივ სამოსახლოში — ხშირად უსუფთაო, მომცრო გალიაშია — საგანმანათლებლო დანიშნულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მეორეც — ცხოველთა სამყაროს გასაცნობად უამრავი მრავალფეროვანი რესურსი არსებობს, მათ შორის ინტერნეტში.

ამასთან, ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით, არაზუსტია ის არგუმენტიც, რომ ზოოპარკებს კონსერვაციული დანიშნულება აქვს. ზოოპარკში შეიძლება ფიზიკურად ვერ დაეტიოს იმდენი ინდივიდი, რომ არაერთგვაროვანი გენოფონდის გამრავლებას უპრობლემოდ შეეწყოს ხელი. ასევე, იქ, სადაც ტყვეობაში ცხოველების გამრავლება იშვიათია და ჭირს, ველური გარემოდან ზოოპარკში ინდივიდის მიყვანამ, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი, პოპულაციის შემცირება, გამოიწვიოს. გარდა ამისა, არანაკლებ რთული და სათუო შედეგის მომცემია ცხოველების უკან, ველურ გარემოში დაბრუნება.

5. მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტების ჩალაგება

ფოტო: Bruce Bennett / Getty Images

"პარკი გნებავთ?" — ამ შეკითხვას ალბათ ყოველდღიურად ვისმენთ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პასუხი დადებითია ხოლმე. UNESCO-ის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 220 მილიონი ტონა პლასტმასა იწარმოება. მისი ნარჩენებით მხოლოდ ერთ წელიწადში, ზღვის მილიონზე მეტი ფრინველი და წყალში მობინადრე 100 ათასზე მეტი ძუძუმწოვარი იხოცება. ეს სტატისტიკა არაორაზროვნად ასკვნის, რატომ უნდა იყოს ცხოველთა მოყვარული ადამიანისათვის მრავალჯერადი ჩანთისა და პლასტმასის ნაკლები ნაწარმის მოხმარება უპირატესი.

6. ნარჩენების გადაყრა

ფოტო: Peter Cade / Getty Images

ნარჩენების გონივრული მართვა არა მხოლოდ გადამუშავებადი ნაწარმის, არამედ საკვებად ჯერ ისევ ვარგისი პროდუქციის გამოცალკევებას გულისხმობს. არცთუ იშვიათად, ოჯახში რჩება საჭმელი, რომელსაც უაპელაციოდ უძახებენ ხოლმე პირდაპირ ნაგვის ურნაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩაში უამრავი მიუსაფარი და მშიერი ძაღლი და კატაა, ცხოველთა მოყვარულისგან ეს ალბათ უპასუხისმგებლო საქციელადაც შეიძლება ჩაითვალოს. მათი დაპურება ხომ იმაზე ბევრად მეტ ადამიანს შეუძლია, ვიდრე ვინც ამას აკეთებს.

7. შინაური ცხოველის აყვანა

ფოტო: Bogdan Cristel / Reuters

ფუმფულა და მოსიყვარულე არსებების სახლში მოყვანა ბევრ ჩვენგანს უნდა, თუმცა, თუკი ისევ შედარებას გამოვიყენებთ, ცხოველების მოვლა ბევრად ნაკლებ ადამიანს შეუძლია, ვიდრე ვისაც ჰყავს. ამაზე მიუთითებს სწორედ მიუსაფარი ძაღლებისა და კატების პრობლემა. ცხოველთა მოყვარულები უმეტესად ამჯობინებენ, ოთხფეხა მეგობარი თავშესაფრიდან აიყვანონ. მათთვის, რასაკვირველია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეგრეთ წოდებულ ჯიშის სიწმინდეს. ამასთან, ცხოველის აყვანამდე მნიშვნელოვანია, მსურველმა მხედველობაში მიიღოს, რამდენად შეეძლება ოჯახის ახალი წევრისთვის შესაბამისი დროის, ყურადღების და რესურსის დათმობა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რამდენად შეუძლია ჩვენთვის სასურველ მეგობარს ჩვენთან თანაცხოვრება. არცთუ ცოტა ადამიანს სურს, სახლში ეგზოტიკური ცხოველი ჰყავდეს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ეს ეთიკურად არასწორია. გარეული ცხოველების დიდი ნაწილი შინაური ცხოველის როლს, რაც მათთვის დატყვევებაა, უბრალოდ, ვერ ირგებს, ისტრესება და ბუნებრივზე ადრეც კი იღუპება.

8. "მავნებლებთან" გამკლავება

ფოტო: Pixels

ვეგანობა ადამიანის დედამიწის სხვა მობინადრეებთან — დედამიწელებთან — მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და არჩევანის გონივრულად მიღების იდეას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენი თითოეული, სულ მცირე ქმედებაც კი, შესაძლოა, იმაზე დიდ გავლენას ახდენდეს ჩვენს გარემომცველ სამყაროზე, ვიდრე ეს გვგონია.

თუკი თავს ცხოველების მოყვარულად მიიჩნევთ, მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ ეგრეთ წოდებული მავნებლები დისკომფორტს გიქმნიან, უმჯობესია, თუკი გავრცელებული საპასუხო ქმედებების ალტერნატივებს მოძებნით. თქვენ შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ პესტიციდების მოხმარება და გამკლავების უფრო მარტივი და ლმობიერი საშუალება იპოვოთ.

მაგალითად, კალიებისთვის იმის მინიშნება, რომ მათი სტუმრობა არ გეპრიანებათ ადგილზე, უბრალოდ, ნივრის ზეთის მოსხმით ან კალენდულას დათესვითაც შეგიძლიათ. თაგვები კი, სხვათა შორის, ყველანაირად ცდილობენ, პიტნიან ადგილებს ახლოს არ გაეკარონ.

ბონუსი: საუბარი

სპეცისიზმი, რომელსაც ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის ტენდენცია ემყარება, საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი. ამდენად, შესაძლოა, საუბარში ცხოველთა მოყვარულმაც კი უნებლიეთ მოახდინოს ცხოველების დისკრედიტაცია, ან მათი წარმოჩენა, როგორც მოხმარების საგანი. ამიტომ, გავრცელებული ნათქვამი "სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი" ყველასთვის ყურადსაღებია. რამდენად კომიკურადაც უნდა ჟღერდეს ეს ზოგიერთისთვის, საუბარში სპეცისისტური გამოთქმების გამოყენებისგან თავის შეკავებაც უმჯობესია, თუნდაც "კარგი ცხენის მათრახს არ დაირტყამს" — მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული ხერხების შესახებ კარგად მოგვეხსენება.