პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების წევრები შეთანხმდნენ, რომ უხერხულობისა და გაუგებრობის მოსაგვარებლად მისი უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მისივე თქმით, უკვე ჰქონდა კომუნიკაცია რადას თავმჯდომარესთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.

პაპუაშვილი წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია ჰქოდა რუსლან სტეფანჩუკთან. ის ამბობს, რომ კოლეგამ კვლავ დაუდასტურა სურვილი, რომ უკრაინაში მიიღოს.

"ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ იმედის ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით. და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

ამ პოსტში პაპუაშვილი არ საუბრობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ოცნების წევრებისგან მისი უკრაინაში არწასვლის მიზეზად სახელდებოდა. როგორც გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, პარლამენტის თავმჯდომარეს ომიკრონი აქვს.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს". პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ადამიანური და ისტორიული ვალია.

"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.

გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ დღეს პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი ექნება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მოწვევას.

ამავე თემაზე: