რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ სამხედრო გემი "მოსკოვი" ჩაიძირა. მათი მტკიცებით, მიზეზი ბუქსირებისას საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებია. ინფორმაციას სამთავრობო მედია, ტასი ავრცელებს.

"საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული კორპუსის დაზიანების გამო, კრეისერმა მოსკოვმა დანიშნულების პორტში ბუქსირებისას სტაბილურობა დაკარგა. შტორმის პირობებში გემი ჩაიძირა", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კრეისერის დაბომბვაზე ინფორმაცია გუშინ, 13 აპრილს გავრცელდა. უკრაინული მედია წერდა, რომ იწვის რუსული სამხედრო გემი სახელად "მოსკოვი" — სწორედ ის, რომელსაც კუნძულ ზმეინის მცველებმა მიმართულება ომის დაწყებისთანავე მიუთითეს.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ "მოსკოვი", რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა "ნა ხ*ი" გაუშვეს, იძირება. თუმცა, რუსეთი ამას არ აღიარებდა. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო და მუშაობდნენ იმაზე, რომ გემი პორტში ბუქსირით შეეყვანათ.

მოგვიანებით, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ CNN-ს განუცხადა, რომ "მოსკოვზე" სერიოზული აფეთქება მოხდა, თუმცა ის სვლას აგრძელებდა. მისივე თქმით, გემი, სავარაუდოდ, სევასტოპოლში შესაკეთებლად გაჩერდებოდა.

რუსული სამხედრო გემის ჩაძირვა კოლოსალური სამხედრო მოვლენაა და მნიშვნელოვნად ამცირებს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო პოტენციალს. გარდა ამისა, არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთისთვის ეს ძლიერი გარტყმაა სახეში და ხომალდის სახელიც სიმბოლურია. როგორც BBC-ის რუსული ბიურო განმარტავს, "მოსკოვი" შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო და რუსულ ფლოტში ყველაზე ძლიერ შეიარაღებად ითვლებოდა.