პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონტრაბანდასთან დაკავშირებული საკითხი უკვე გადალახულია. მისი თქმით, სამომავლოდ ინფორმაციები ერთმანეთთან უნდა გადაამოწმონ.

"თქვენ ალბათ ატყობთ, რომ იგივე ამ კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღარ მიდის ამაზე საუბარი. ამიტომ ეს საკითხი უკვე გადალახულია. ზოგადად ჩვენ, მათ შორის, მანამდეც კომუნიკაციისას შევთანხმდით, რომ წინ გავიხედოთ, მომავალს შევხედოთ. აქედან გამომდინარე სწორედ სამომავლოდ ინფორმაციები ერთმანეთთან გადავამოწმებთ", — თქვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.

უკრაინის დაზვერვამ 4 აპრილს თქვა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.