ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის საუბარი რუს ოლიგარქთან ავთენტური რომც იყოს, "საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე". მისი თქმით, საქართველოს გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს.

"ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის. მეორე, რომ იყოს ავთენტური, აქ ბუნებრივია, არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს არის ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით — კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ამიტომ "ამ პირობებში", არც "კანონსაწინააღმდეგო" და არც "ამორალური" არაფერია.

"იგივე უკრაინა რომ ავიღოთ, უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ, სერიოზულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, რუსეთიდან ხდება გაზის მიღება უკრაინაში, მათ შრის, საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ანუ სავაჭრო ურთიერთობებში უკრაინაც არის ჩართული აქედან გამომდინარე, ის რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არ არის არაფერი არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ურთიერთობებს", — აღნიშნა კობახიძემ.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.

გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".

გაიგე მეტი: