მარიუპოლის მცველების, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ის ერდოღანს დახმარებას სთხოვს, რათა თურქეთმა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოს ალყაში მყოფი მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების აზოვსტალის ტერიტორიიდან გაყვანა.

როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, ამის შესახებ საზღვაო ბრიგადის მეთაურმა Habertürk TV-თან ინტერვიუში ისაუბრა

"ჩვენ ახლა 600 სამხედრო გვყავს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. სამოქალაქო პირებიც გვყავს დაზიანებებით, რომლებსაც ასევე სჭირდებათ დახმარება. ასობით მოქალაქეს და ათობით ბავშვს, ყველაზე უმცროსი 4 თვისაა, ასევე სჭირდება უსაფრთხოება.

მივმართავ თურქ ხალხს, თურქეთს პრეზიდენტს უზრუნველყოს ჩვენი გაყვანა, გააკეთოს ყველაფერი მარიუპოლის გარნიზონის თურქეთში გადასაყვანად. რათა აზოვსტალიდან გამოგვიყვანოთ თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს", — განაცხადა მან.

ვოლინსკიმ აღნიშნა, რომ აზოვსტალში ამჟამინდელი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, ბრძოლები არ შეწყვეტილა.

20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია.

26 აპრილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააკეთა განცხადებამ, რომ რუსეთი მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას დასთანხმდა. თუმცა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრო პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმება არ არსებობს.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში მყოფი სამხედროები დანებებას არ აპირებენ. მისი თქმით, ისინი მზად არიან დატოვონ ტერიტორია, მხოლოდ იარაღით ხელში.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალები აბრკოლებენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, კლავენ, აუპატიურებენ და იტაცებენ მოქალაქეებს.