მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში მყოფი სამხედროები დანებებას არ აპირებენ. მისი თქმით, ისინი მზად არიან დატოვონ ტერიტორია, მხოლოდ იარაღით ხელში. ამის შესახებ Reuters-თან ისაუბრა.

"სამხედროებს არ სურთ დანებება, ისინი მზად არიან დატოვონ ტერიტორია მხოლოდ იარაღით ხელში და გააგრძელონ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი უკრაინის დაცვა", — თქვა ბოიჩენკომ.

ბოიჩენკომ თქვა, რომ ქალაქში ჯერ კიდევ 100 000 ადამიანია ჩარჩენილი და აზოვსტალში მყოფი სამხედროები დანებებას არ აპირებენ. მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან ქალაქის 90% განადგურდა — "ეს იყო ქალაქის განადგურების და არა გათავისუფლები გეგმა".

მან ისაუბრა, რომ რუსეთმა ქალაქიდან ევაკუაცია პირველივე დღეებიდან შეუძლებელი გახადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა სთხოვეს საევაკუაციო რუკები და ავტობუსების რაოდენობის გაგება. როგორც მერი ამბობს, ამ ინფორმაციის გადაცემის შემდეგ, რუსეთმა საევაკუაციო დერეფნები და ავტობუსები გაანადგურა.

"დღეს ყველა დონეზე ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვსაუბრობთ — გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, გვჭირდება მარიუპოლის 100 000 მაცხოვრებლის სრული ევაკუაცია, რომლებიც რუსული ძალების ტყვეები არიან და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, ვინც აზოვსტალში იმყოფება", — ამბობს ის.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალები აბრკოლებენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, კლავენ, აუპატიურებენ და იტაცებენ მოქალაქეებს.

19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ რუსებთან ერთად დაიწყეს შეტევა აზოვსტალზე, სადაც ქალაქის მცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ, აპრილში უკვე მესამედ სთავაზობდნენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას და ქალაქის ჩაბარებას. მათ მესამედაც უარი მიიღეს.

20 აპრილს აზოვმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევაკუაციაში დაეხმარონ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან, ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაციის საკითხი განიხილონ. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო ტყვეები მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის გაცვალოს.

21 აპრილს სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა დარჩათ, რისთვისაც 3-4 დღე სჭირდებათ. პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა და ბლოკადის გაგრძელება უბრძანა.

პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა მარიუპოლის მერის მრჩეველი და განაცხადა, რომ ეს ბლოკადაში მყოფი ხალხისთვის არაფერს ცვლის.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში