გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთი მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას დასთანხმდა.

"გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინის მიმართ და მათ განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები, კერძოდ მარიუპოლში არსებული სიტუაცია", — ვკითხულობთ განცხადებაში.

20 აპრილს აზოვმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევაკუაციაში დაეხმარონ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან, ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაციის საკითხი განიხილონ. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო ტყვეები მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის გაცვალოს.

21 აპრილს სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა დარჩათ, რისთვისაც 3-4 დღე სჭირდებათ. პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა და ბლოკადის გაგრძელება უბრძანა. პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა მარიუპოლის მერის მრჩეველი და განაცხადა, რომ ეს ბლოკადაში მყოფი ხალხისთვის არაფერს ცვლის.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში