ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ამილახვარი განმარტავს, რომ არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, თუმცა ამის მიუხედავადაც, პასუხისმგებლობას გრძნობს იმ სიტყვების გამო. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირი, ეს საკითხი უმოკლეს ვადაში უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო შესაბამისი პირები დასჯილი.

  • "ყველა, ჩვენ მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას".
  • "არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის გაცხადება, რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად, ახლა არ მგონია ოჯახს იქეთ ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე", — განაცხადა მან.

დეტალები: იქამდე, სანამ ბავშვის გარდაცვალებაზე გავრცელდებოდა ინფორმაცია, ამილახვარმა ჟურნალისტს უსაყვედურა იმის გამო, უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირებზე დაუსვა კითხვა.

  • მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძემ გუშინ ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის პრეზენტაცია გამართა, ამილახვარი ამტკიცებდა, რომ იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.
  • მას პასუხისმგებლობა გადაიტანა მოზარდების მეთვალყურეებზე და თქვა, რომ "არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს";
  • "ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად? რომ ბურთი ჩაუვარდა ბავშვს...".

რა მოხდა: დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ორი ბავშვი შადრევანში ჩავიდა და დენმა დაარტყა, ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

  • მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
  • თბილისის მერმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ პასუხი მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა რეაბილიტაციისას.
  • შემდეგ ის კლინიკაში მივიდა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარი უმძიმესი ფაქტია და "ყველა დაისჯება შესაბამისად".
  • კითხვაზე, ხედავს თუა რა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, მან ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".