მოკლედ: საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ — ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს განსხვავებული მოსაზრებები და არგუმენტები, რის გამოც წინააღმდეგობაში არიან იმ ექვს კოლეგასთან, ვინც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

  • ეს საქართველოსთვის პირველი პრეცედენტია, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის მიმართ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძვლად იქცა, რაც იმდენადვეა სამართლებრივი საკითხი, რამდენადაც — პოლიტიკური.
  • მმართველი პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას ხვალ, 18 ოქტომბერს დაიწყებს.
  • ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ანდტიდასავლურ იმპიჩმენტს უწოდებს და ოპოზიციას მიმართავს, რომ "თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, [პარლამენტს] გარეთ დადგნენ".

სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი: სალომე ზურაბიშვილის პოზიციის სასარგებლოდ, საკონსტიტუციოს მოსამართლეები — იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე და ტუღუში ვრცელ, 61-პუნქტიან ტექსტს აქვეყნებენ. მიაჩნიათ, რომ:

  • ექვსი მოსამართლისგან, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია "შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად", რასაც ვერ გაიზიარებენ.
  • საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.
  • კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა, არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას.

კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იმპიჩმენტის საფუძველი – თანამდებობის პირის მიერ „კონსტიტუციის დარღვევა“, მოიაზრებს არა საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნებისმიერი აქტის გამოცემას ან/და ქმედების განხორციელებას, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შედეგადაც კონსტიტუციური ინტერესების მიმართ დამდგარი ზიანი ან/და კონკრეტული თანამდებობის პირის ბრალეულობის ხარისხი მისი თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე მიუთითებს.

სტრიქონებს შორის:

  • ეს სამი მოსამართლე გუშინდელ სატელევიზიო მიმართვაში ახსენა სალომე ზურაბიშვილმა.
  • "გარკვეულწილად, საკუთარი რეპუტაცია უფრო გადაარჩინეს, ვიდრე — საკონსტიტუციოსი", — თქვა პრეზიდენტმა მათზე.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას "სამარცხვინო უწოდა" და თქვა, რომ "ასევე უნდა რცხვენოდეს ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა".

კონტექსტი:

  • საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ქართული ოპოზიციის ნაწილი, ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დამაზიანებელი იქნება ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის.
  • საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საფუძვლად ქართული ოცნების დეპუტატები ასახელებენ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობისგან შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყო.
  • საქართველოში მოქმედმა არასამთავრობოებმა, 4 სექტემბერს მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება იმპიჩმენტით.
  • "ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას და ეს არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას, რაც მისი სტატუსის წინ წაწევისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას უნდა გულისხმობდეს", — თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბარი დაიწყო.