"ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის", - ბორჯომის ტყის აღსადგენად, საქველმოქმედო მატჩად გამოცხადებულ თამაშში მონაწილე იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ, ამ წარწერით ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა.

Legends in Tblisi for Kakha Kaladze

A post shared by Paolo Maldini official (@paolomaldini) on

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კახა კალაძის თამაშში მონაწილეობა რამდენიმე მიზეზის გამო კანონდარღვევის ელემენტებს შეიცავდა. თავად კალაძე კი აღნიშნული მატჩის პირადი საარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზებას უარყოფს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISEFD) იურისტი ნინო ნიჟარაძე On.ge-ს იმ სავარაუდო დარღვევებზე ესაუბრა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატს ამ თამაშით შესაძლოა წარმოეშვას, მათ შორის:

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება შეიძლება კახა კალაძის სასარგებლო შემოწირულობა იყოს, იმის მიუხედავად, რომ მათ არ დახარჯონ ფინანსები;
  • კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება. კალაძის მონაწილეობით მატჩი იძენს პოლიტიკურ ელფერს და შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიება, რომელიც თან საქველმოქმედო აქციაა.

29 სექტემბერს, 21 საათზე, დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები და თბილისის მერობის კანდიდატმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ ითამაშეს. მატჩის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრით დამწვარი საფარის აღდგენას მოხმარდება.