ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას თქმით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ილია ლეჟავას თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული სამოცივე მუშა გაფიცულია და ისინი სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ობიექტზე დარღვეულია შრომის უსაფრთხოების პირობები, შრომის უფლებების პირობები, დასაქმებულების მოთხოვნა ამ ეტაპზე არის, რომ გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებების სახელფასო ანაზღაურების სისტემა. [ხელფასი] დაანგარიშდეს კონკრეტული მოთხოვნით, დღიურ ანაზღაურებაზეა საუბარი, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზეა საუბარი, ბიულეტინის გამოყენებაზეა საუბარი, შვებულების გამოყენების უფლებაზე, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებზეა საუბარი", — აღნიშნა ილია ლეჟავამ.

პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, რკინიგზაზე დასაქმებული მუშების ანაზღაურება დღეში 20 ლარს შეადგენს.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე ჩინეთის 23-ე ბიუროს მიერ დასაქმებული მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. დასაქმებულები უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების შექმნას ითხოვდნენ. 100-ამდე მუშის ორკვირიანი პროტესტი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებით დასრულდა. ერთი თვის შემდეგ მუშები ამბობდნენ, რომ დამსაქმებლები აგრესიულები გახდნენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებმა 2016 წლის 4 ნომებერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დამსაქმებლებმა მუშები სცემეს. მათი ცნობით, ჰოსპიტალიზირებული იყო 5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. 2017 წელს რკინიგზელთა პროფკავშირები აცხადებდა, რომ გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. 2017 წლის 29 ივლისს მშენებლობისას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.