კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფორმულა კრეატივის განაცხადს მაუწყებლობის დაწყებაზე ხარვეზი დაუდგინა და ცვლილებების ასასახად 5 სამუშაო დღე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია აქვეყნებს.

კომისიის განმარტებით, აღმოჩენილია შემდეგი დარღვევები:

  • არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება;
  • ხარვეზით არის წარდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას;
  • არ არის მითითებული მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების თარიღი და რა სახსრებით გეგმავს არხი ამ ხარჯის დაფარვას;
  • განცხადებას არ ერთვოდა მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს სტერეო პლუსთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება;
  • არ იყო აღნიშნული გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დადასტურებული იქნებოდა დოკუმენტებით და აქტივებისა და პასივების შესახებ ინფორმაციით.

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 13 აგვისტოს მიმართა. არხი მაუწყებლობის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს.

ფორმულა კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

ამავე თემაზე: ფორმულა კრეატივის ტელევიზიას "ფორმულა" ერქმევა