ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები გადაღებებზე არ გასულან. On.ge ინფორმაციისთვის TV პირველს დაუკავშირდა, რომელსაც გადამღები ჯგუფები ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში, პარლამენტის შენობასა და გუგუტიანთკარში ჰყავს გაგზავნილი. გარდა ამისა, როგორც არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ ტელევიზიის შენობა მისი იქ ყოფნის პერიოდში არ დაუტოვებია არც ერთ ჟურნალისტს.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ არხიდან წავიდნენ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება და ვებგვერდზე არ იდება ნიუსებიც.

როგორც არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა On.ge-ს უთხრა, არხზე ამ დრომდე არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

გუშინ, 20 აგვისტოს ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.