რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა და ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. არხის შენობიდან ისინი ამ წუთებში გამოდიან.

რუსთავი 2 დატოვა თამარ ბაღაშვილმა, ნათია გოგსაძემ, დავით ქაშიაშვილმა, მაიკო ლომიძემ, გიგლა თუმანიშვილმა, ეკო მაღრაძემ, დავით ერაძემ, სოფო ზურაბიანმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ, რუსუდან ჯაბანაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, თამთა დოლენჯაშვილმა, ნათია ტრაპაიძემ, ნინო სამყურაშვილმა და თაკო სურგულაძემ. ამით შესახებ მათ ახლახან განაცხადეს, ნაწილმა კი ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

როგორც რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

გუშინ, 20 აგვისტოს ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

პროტესტის ნიშნად არხიდან წავიდნენ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება და ვებგვერდზე არ იდება ნიუსებიც.