ტელეკომპანია მთავარი არხის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. როგორც მთავარი არხი ამბობს, ზურაბ ნადირაძის შეწყალება მისმა შვილმა სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ოთხი ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ერთი მათგანი, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ჩეხეთი, სადაც ნადირაძე თავს აფარებდა, წლების განმავლობაში ექსტრადიციაზე უარს ამბობდა.

მთავარი არხის განმარტებით, ზურაბ ნადირაძეს დაუსწრებლად 15 წელი მიესაჯა, ხოლო ამნისტიის შესახებ კანონის მიხედვით სასჯელი 11 წლამდე შეუმცირდა. ზურაბ ნადირაძე ჩეხეთმა ქართულ მხარეს 2017 წელს გადასცა და სწორედ მას შემდეგ იხდიდა სასჯელს.

On.ge ცდილობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდეს და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა. გუშინ, 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია.

18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებამ კრიტიკა გამოიწვია. პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, რამაზ დევაძის შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს.