ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულებას არ შეუწყვეტენ და ვადას ისევ გაუხანგრძლივებენ. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში პირისპირ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სრული უფლება, ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ, ჩვენ მივცემთ კონსორციუმს იმის საშუალებს, რომ ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე 400-მილიონიანი სესხი", — თქვა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმმა ვალდებულება არათუ ნაწილობრივადაც არ შესრულდა, არამედ, დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა.

15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის "საბოტაჟირება მოახდინა" ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. მისივე თქმით, მათ 10 ოქტომბერს ჩააბარეს დოკუმენტაცია, სადაც კონკრეტული ხედვები იყო წარმოდგენილი და ისინი დამატებით აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებენ.

ლევან ახვლედიანის თქმით, კულუარებში მთავრობამ არერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ "ანაკლია არაა რენტაბელური" ან "კომერციულად გამართლებული".

დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმის წარდგენილი დოკუმენტაცია მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

ამავე თემაზე: